სულხან კომახიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2012 წლის ნოემბრიდან იგი ხელმძღვანელობს იურიდიული დახმარების სამსახურის ყველაზე მსხვილ ოფისს – თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს, სადაც 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. მანამდე კი, ამავე ბიუროში, 5 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.
სულხან კომახიძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც სულხან კომახიძის დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილობრივი და სრული გამართლებით დასრულდა.
სულხან კომახიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
სულხან კომახიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასამართლო ადვოკატირების უნარ-ჩვევები; ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები; ასევე – სისხლის სამართლის პროცესი.
სულხან კომახიძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.