იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, ძალისხმევით, ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა გ.რ.–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგო ეკონომიკის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული დავა, რომელიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ეხებოდა.
გ.რ.–ის ოჯახმა მშობლიური მხარე 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად დატოვა. მოგვიანებით, 2012 წელს, პრეზიდენტის განკარგულებისა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ.რ.–ის მამას, ჯ.რ.–ს, ოჯახის წევრთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობით, სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება.
აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ.რ., როგორც ჯ.რ.–ის ოჯახის წევრი, ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ დევნილად, თუმცა, რეალურად, გ.რ. მშობლებთან არ ცხოვრებდა, შესაბამისად, იგი თავს მიიჩნევდა უფლებამოსილად, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოეთხოვა.
დევნილთა სამინისტრომ უარი განაცხადა გ.რ.–ის ამოღებაზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილების სიიდან. ამიტომ, გ.რ.–მ კონსულტაციისთვის იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა, ვლადიმერ გამრეკელაშვილმა, ყურადღებით შეისწავლა საქმის მასალები და შეადგენა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა პრეზიდენტის 2012 წლის განკარგულებისა და იმავე წელს ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (გ.რ.–ის ნაწილში). აღნიშნული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაფორმდა. კერძოდ, ჯ.რ.–ის ოჯახისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესში, აუცილებელი იყო გ.რ.–ის თანხმობის მოპოვება, რაც არ მომხდარა.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გ.რ.–ის სარჩელი და ნაწილობრივ ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციული აქტები. შესაბამისად, გ.რ.–ს გაუჩნდა კანონიერი საფუძველი, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოეთხოვა.