Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ერაყის მოქალაქეს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა

ერაყის მოქალაქემ ს.ს.მ.ჯ., სამშობლო დატოვა იქ არსებული საომარი მოქმედებების გამო. 2015 წელს მას საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.  2018 წელს, იმ საფუძვლით, რომ ერაყში ვითარება გაუმჯობესებულია, საქართველოს დევნილთა განსახლებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, ს.ს.მ.ჯ.-ს უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე. მან თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა და ინტერესების დამცველად დაენიშნა ადვოკატი თეა ყაულაშვილი. 

ადვოკატმა საქმეში არსებული დოკუმენტაცის შესწავლით გაარკვია, რომ თვით სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ,  გამორიცხავს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, რადგან ბენეფიციარის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი რისკები მაინც არსებობდა. დაცვის მხარის მიერ შედგენილ სარჩელში დამატებით იყო წარმოდგენილი რეალური ინფორმაცია ერაყში არსებული მდგომარეობის შესახებ. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ  ადვოკატ თეა ყაულაშვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა  - ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს აქტი, მასვე დაევალა საქმის ხელახლა შესწავლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ  - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხებში ზემოაღნიშნული სამინისტროს სამართალმემკვიდრეა. 

2019 წლის 21 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ს.ს.მ.ჯ.-ს  ნამდვილად მიეცა შესაძლებლობა კვლავ გაუგრძელდეს ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოში და მიიღოს თავშესაფარი კიდევ ერთი წლით.