Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ეგვიპტელ კოპტს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა მიეცა

ეგვიპტელი კოპტი, ჰ.ა.ზ.ა.ე იძულებული გახდა წარმოშობის ქვეყანა მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო დაეტოვებინა. კერძოდ, მისი ძმის ყოფილმა მეუღლემ ჰ.ა.ზ.ა.ე-ს ბრალი დასდო ძმისშვილების გატაცებაში, შემდეგ კი ლიკვიდაციით დაემუქრა.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქემ თავშესაფარი საქართველოში მოითხოვა, თუმცა შესაბამისმა სამინისტრომ არსებული ფაქტობრივი გარემოებები სანდოდ არ მიიჩნია და მას უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე საქართველოში. 

უარის მიღების შემდეგ ჰ.ა.ზ.ა.ე-მ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს მიმართა. ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, ჰ.ა.ზ.ა.ე-ს ძმას და ერთ ძმისშვილს იგივე საფუძვლით მინიჭებული აქვთ ლტოლვილის სტატუსი საქართველოში. სასამართლოზე ასევე წარმოდგენილი იყო ეგვიპტეში მცხოვრები კოპტების მიმართ არსებული მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჰ.ა.ზ.ა.ე-ს სარჩელი, მოპასუხე სამინისტროს კი დაევალა საქმის ხელახალი შესწავლა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, საქართველოში თავშესაფარი მიენიჭოს.