Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სომალელ ქალს თავშესაფრის მიღების შანსი გაუჩნდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა სომალის რესპუბლიკის მოქალაქე ქალმა ი.მ.დ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ  ცამეტი წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად სომალიდან საცხოვრებლად წავიდა საუდის არაბეთში, სადაც 2003 წელს იძულებით გაათხოვეს. 

2014 წელს, ის  და მისი მეუღლე დაბრუნდნენ სომალიში. მისმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო მოგადიშოში, პოლიციის განყოფილებაში. ამის შემდგომ, ტერორისტული დაჯგუფება "ალ შაბააბის" წევრების მიერ დაიწყო მუქარები მისი მეუღლის მიმართ, მას სთხოვდნენ წამოსულიყო პოლიციიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდნენ. ი.მ.დ.-ს მეუღლე არ დაემორჩილა ტერორისტების მოთხოვნებს  და რამდენიმე თვის შემდეგ, სამწუხაროდ,მოკლეს.

ამის შემდეგ, "ალ შაბააბის" წევრების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდა ი.მ.დ.-ს მიმართ - ისინი ქალისგან ითხოვდნენ  მათი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრზე დაქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ შვილების წართმევით. 

გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ბენეფიციარი იძულებული იყო დაეტოვებინა სომალი. იგი  2016 წელს დუბაიში, ხოლო 2017 წლის დასაწყისში კი, საქართველოში ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა. თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მას უარი უთხრა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი შერმადინმა ი.მ.დ.-ს შეუდგინა სარჩელი, გაუწია სასამართლო წარმომადგენლობა.  მან მოითხოვა სადავო ინდ. აქტის ბათილობა და მოპასუხის დავალდებულება  ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემით, მოსარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნაწილობრივ დააკმაყოფილა   დაცვის მხარის მოთხოვნა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29  დეკემბრის შეტყობინება  და დაავალა სამინისტროს საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდ. აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.