თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი ახორციელებდა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედის, ქ.ყ. –ს ინტერესების დაცვას. კერძოდ, ბენეფიციარი მისი არასრულწლოვანი შვილის – 2013 წელს დაბადებული ა.მ.–ს მამისგან, მოქალაქე ნ.მ.–სგან ითხოვდა ალიმენტის გადახდას.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაარკვია, რომ ფაქტიურ ქორწინებაში მყოფი ცოლ–ქმარი შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დასცილდა. თუმცა ბავშვზე მზრუნველობა იკისრა მხოლოდ დედამ, რომელიც უმუშევარია. იმის მიუხედავად, რომ მამა დასაქმებულია და ყოველთვიური შემოსავალიც აქვს, იგი თავს არიდებდა ხუთი წლის შვილისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევას.
ადვოკატმა მაია დადვანმა ბენეფიციარის განცხადების საფუძველზე მოამზადა სარჩელი და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც სრულად გაიზიარა მისი პოზიცია. ბავშვის მამა ნ.მ. სასამართლო სხდომაზე არც გამოცხადდა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა სრულად და არასრულწლოვნის მამას, მისი შვილის სასარგებლოდ დააკისრა – ორასი ლარის ოდენობის ალიმენტის ყოველთვიურად გადახდა იმ დრომდე, სანამ ა.მ. სრულწლოვანი არ გახდება.