2017 წელს გლობალურ კამპანიაში "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" იურიდიული დახმარების სამსხური განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ 21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტის ამოქმედებით, იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ გაუწევს იურიდიულ დახმარებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.
ამ კამპანიის ფარგლებში, 7 დეკემბერს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა – საზოგადოებრივმა ადვოკატებმა არჩილ ტუხაშვილმა და ბექა ჯავახიშვილმა, ასევე, კონსულტანტმა გიორგი შერმადინმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წნორის სამედიცინო და ჰუმანიტარულ სასწავლებელში.
იურისტები სასწავლებლის მოსწავლეებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ამასთანავე გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები, განიხილეს ადვოკატის როლი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. სტუდენტები სხვა სამართლებრივი საკითხებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე ძალადობის ფორმებსა და დასჯის მექანიზმებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს,თუ ვინ შეიძლება გახდეს მსხვერპლი და მოძალადე. ორგანიზაცია მსგავს შეხვედრებს სხვადასხვა თემაზე პერმანენტულად ახორციელებს.
სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობას.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=dEHi2H_ugHA
ძალადობის თემაზე სიღნაღის მუნიციპალურ გაზეთ ''სიღნაღს" ესაუბრება კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი გიორგი შერმადინი.