Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების საბჭომ სხდომა გამართა

27 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანომ – იურიდიული დახმარების საბჭომ სხდომა გამართა. საბჭოს წევრებმა მეორე ვადით აირჩიეს საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, ეკატერინე ფოფხაძე, რომელიც კოლეგიური ორგანოს საქმიანობას კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაუძღვება. დღესვე, საქმიანობას შეუდგა საბჭოს ახალი წევრი – ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი, რომელიც იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატების კვოტით აირჩა.

სხდომაზე, საბჭოს წევრებმა დაამტკიცეს იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ნუსხა, რომელიც 240 საშტატო ერთეულით განისაზღვრება. გარდა ამისა, იმსჯელეს იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების საკითხებზე, ასევე – სამომავლო ღონისძიებებზე, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებას, ასევე – საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას უკავშირდება.

იურიდიული დახმარების საბჭო ფარო უფლებამოსილებით აღჭურვილი კოლეგიური ორგანოა. მის კომპეტენციაში შედის: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევა; სამსახურის სტრატეგიის, დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების დამტკიცება; იურიდიული დახმარების ოფისების გახსნისა და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და სხვა.

საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომელთაგან სამ–სამ წევრს – ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი წარადგენენ. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წევრებიდან – ერთი ომბუდსმენის აპარატს, ერთი – ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, ერთი კი – სამეცნიერო სფეროს წარმომადგენს. საბჭოში თითო წევრით წარმოდგენილნი არიან იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთ წევრს, ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების ბიუროები ირჩევენ. დანარჩენი წევრების უფლებამოსილება კი 4 წლის ვადით განისაზღვრება.

საბჭო იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წელს შეიქმნა. საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურება.