Top
ონლაინ დახმარება

 

HR-მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

1–2 აპრილს, ბორჯომში, სასტუმროში „Crowne Plaza“, იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ოფისების თანამშრომლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის და სამუშაოს აღწერილობის შემუშავების საკითხებს მიეძღვნა. სწავლება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ HR-მენეჯმენტის ძირითად მიმართულებებს: თანამშრომელთა შერჩევის, კანდიდატთან გასაუბრების, თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების საკითხებს. მეორე დღეს კი ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაოს აღწერილობების შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტრენინგი 25–26 მარტს უკვე გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს ოფისების თანამშრომლებისათვის.

HR-მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგების ჩატარების საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც იურიდიული დახმარების სამსახური შეუდგა შტატით განსაზღვრული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობების შემუშავებას, აგრეთვე – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (eHRMS) დანერგვას, რაც საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნებია.

გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი აქტიურად უჭერენ მხარს იურიდიული დახმარების სამსახურს ორგანიზაციული სტრუქტურის რეფორმასა და მენეჯმენტის სისტემის დახვეწაში.