იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციამ, იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსებმა და ადვოკატებმა დღეს გამართეს მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საადვოკატო მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემას მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
განხილვის ძირითადი საგანი იყო „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები“, რომლის მიზანია საზოგადოებრივ ადვოკატთა მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის, დროულობისა და ხარისხის განსაზღვრა და, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა: ადვოკატის პროფესიული განვითარება, თანამდებობრივი გადაადგილება (რანგირება) წახალისება და სხვა.
შეფასების სისტემა გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა საქმიანობის შესწავლასა და შეფასებას ე.წ. Peer review მოდელის გამოყენებით. აღნიშნული მოდელი მიხედვით, საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის შეფასებას მათივე კოლეგა ადვოკატები/იურისტები განახორციელებენ. შეფასების სისტემა კომპლექსურია (3 ეტაპს მოიცავს) და ორიენტირებულია იმაზე, რომ შესაფასებელ ადვოკატს თავისი ცოდნისა და უნარების წარმოჩენის და გაუმჯობესების მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს.
იურიდიული დახმარების საბჭომ „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები“ 2015 წლის ივლისში დაამტკიცა, მისი ამოქმედება კი 2016 წლისთვის დაიგეგმა. დოკუმენტის საბოლოო სრულყოფის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად იკრიბება და სხვადასხვა საკითხს განიხილავს.