Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე

2015 წლის 8 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, გიორგი მდინარაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის თანამშრომლებმა (მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ლაშა კვირკვაიამ) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კერძოდ, დაადეს ხელბორკილები და ამ მდგომაროებაში მყოფზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.

გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება მხოლოდ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის, ლაშა კვირკვაიას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ, გამოიტანა განაჩენი ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას მიმართ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ბრალდებიდან ამორიცხა ძალადობა, ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

იურიდიული დახმარების საბჭო და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შეშფოთებას გამოვთქვამთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ცუდი პრეცედენტი იქნება საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში. ადვოკატის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება ხელს შეუწყობს ადვოკატთა კორპუსის, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი ერთ-ერთი უმთავრესი რგოლის, ინსტიტუციურ დაკნინებას. სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებები გააჩენს დაუსჯელობის განცდას და წაახალისებს პოლიციელთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პოლიციის უფროსის მხრიდან ადვოკატზე განხორციელებული ძალადობის მთავარი მიზეზი გახდა ადვოკატის და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ შერჩეული დაცვის პოზიცია, რომელიც გამოიხატებოდა კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიის, დუმილის უფლების, გამოყენებაში. აღნიშნული კი ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოში ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმა, მიღებული იქნა ახალი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება არის არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩნდება შემდეგი ლეგიტიმური კითხვები, გაურკვეველია:

  • რატომ ამოირიცხა ლაშა კვირკვაიას მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ძალადობა, რაში გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მაშინ, როდესაც გიორგი მდინარაძეს აშკარად ეტყობოდა დაზიანებები და ძალადობის კვალი;
  • რატომ არ მოხდა ლაშა კვირკვაიასთან ერთად სხვა პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მითუმეტეს რომ გიორგი მდინარაძე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ლაშა კვირკვაიასთან ერთად სხვა პოლიციელებსაც ადანაშაულებდა;

იურიდიული დახმარების საბჭო და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოვითხოვთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ შეფასებას, შესაბამისად, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებასა და ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებაში ბრალდებული ლაშა კვირკვაიას სათანადოდ დასჯას.

###

ცნობისათვის:

  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს გასწევს.
  • იურიდიული დახმარების საბჭო - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანოა. საბჭო 9 წევრისგან შედგება და მასში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სფეროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შედიან.