კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატები, რომლებიც, იურიდიული დახმარების სამსახურის „მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ ირიცხებიან და მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან, ელექტრონული პროგრამაში – „Case Bank”-ში მუშაობის უნარ–ჩვევებს ეუფლებიან.
7 აპრილს, რეესტრის ადვოკატებისათვის გაიმართა რიგით მესამე ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც „Case Bank”-ში მუშაობის სპეციფიკას კახეთსა და სამცხე–ჯავახეთში მომუშავე ადვოკატები გაეცნენ. ღონისძიება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ, გახსნა. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ დირექტორი მარიამ ზანგალაძე, რომელიც, რამდენიმე წელია, „Case Bank”-ის განვითარებაზე მუშაობს.
ელექტრონულ პროგრამაში ჩართვით, რეესტრის ადვოკატებს, ანაზღაურების მისაღებად, აღარ მოუწევთ ნაბეჭდი დოკუმენტების წარდგენა. გარდა ამისა, მათ მიერ „Case Bank”-ში შეტანილი მონაცემები ავტომატურად აკუმულირდება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთიან სტატისტიკაში, რაც საშუალებას მისცემ სამსახურს, ჰქონდეს კიდევ უფრო სრულყოფილი მონაცემები გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ.
რეესტრის ადვოკატებისთვის „Case Bank”-ის განახლება და განვითარება განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. წლის ბოლომდე, ასევე დაგეგმილია „Case Bank“–ის ვებ–აპლიკაციის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე ადვოკატებს, პროგრამასთან წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ ოფისებიდან, არამედ ინტერნეტით აღჭურვილი ნებისმიერი წერტილიდან.
„Case Bank“ იურიდიული დახმარების სამსახურში 2014 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით დაინერგა. კომპიუტერული პროგრამა თავს უყრის მონაცემებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეების, გაწეული კონსულტაციებისა და შედგენილი დოკუმენტების შესახებ. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი.