Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ ელდარ გვალიას დახმარებით, ქურდობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატის, ელდარ გვალიას, დახმარებით, ქურდობისთვის მსჯავრდებული რ.გ. უზენაესი სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, რ.გ., თანამზრახველთა ჯგუფთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ფარულად დაეუფლა 910 ლარად ღირებულ „XBOX”–ის სათამაშო აპარატს, რომელიც 110 ლარად გაასხვისა უცნობ პირზე. მიღებული თანხა  კი დანაშაულის თანამონაწილეებმა ერთმანეთში გადაინაწილეს.

ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ რ.გ. დამნაშავედ ცნო ჩადენილ დანაშაულში და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რ.გ.–ის დამცველმა, ადვოკატმა ელდარ გვალიამ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივარში, ადვოკატმა ელდარ გვალიამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა: ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რ.გ.–ის ბრალეულობას. ქურდობის ფაქტს არ ჰყავდა თვითმხილველები, ხოლო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ შეიტანა რ.ტ.–მ „XBOX” სასტუმროს ერთ–ერთ ნომერში, თავისთავად ვერ ადასტურებდა ქურდობის ფაქტს. ამასთან, სასტუმროს მესაკუთრემ აპარატის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 4–5 დღის შემდეგ შეიტყო. ამ დროის განმავლობაში კი სასტუმროს ჰყავდა უამრავი სტუმარი, თუმცა გამოძიებას არ გადაუმოწმებია მომხდარის სხვა შესაძლო ვერსიები, მაგალითად, ხომ არ გაუტანია აპარატი სხვა პირს (მათ შორის, დამლაგებელს).

საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ ელდარ გვალიას პოზიცია და რ.გ.–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.