Top
ონლაინ დახმარება

 

ახალარჩეული პარლამენტის წევრები იურიდიული დახმარების სფეროში დაგეგმილ რეფორმებს ეცნობიან

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ორი თვის წინ შეუდგნენ, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაციის – იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას ეცნობიან.

18 იანვარს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იურიდიული დახმარების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს. შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანოს – იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, სამსახურის დირექტორი და მისი მოადგილე, ასევე – იურიდიული დახმარების სამსახურის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება USAID-ის პროექტის – PROLoG-ის ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა იმ ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახური გამოვიდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებიდან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს, ასევე – იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული მიმართულებებით დაგეგმილ რეფორმებს მხარს უჭერენ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ასევე – ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ იურიდიული დახმარების სამსახურს მხარდაჭერა და დაგეგმილ რეფორმებში პარლამენტის აქტიური ჩართულობა აღუთქვა.

იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებით და სამართლებრივი კონსულტაციებით 2007 წლიდან უზრუნველყოფს, დამოუკიდებელ სსიპ–ად 2014 წელს ჩამოყალიბდა. რეფორმის შედეგად, იურიდიული დახმარების სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ, ერთი მაკონტროლებელი სამინისტროს ნაცვლად, იქცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანო – იურიდიული დახმარების საბჭო. გარდა ამისა, გაძლიერდა იურიდიული დახმარების სამსახურში მომუშავე ადვოკატების პროფესიული დამოუკიდებლობის გარანტიები.

საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად ისმენს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც არაუგვიანეს 1 მარტისა სამსახურის დირექტორი წარმოადგენს.