Top
ონლაინ დახმარება

 

ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაცია იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია

2023 წლის 7-11 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით, საქართველოს სტუმრობს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა დელეგაცია. დელეგაციას მასპინძლობენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე და მოადგილე მიხეილ ხურციძე. ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული უფასო იურიდიული დახმარების სისტემის შესწავლა და იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში მიმდინარეობს უფასო სამართლებრივი დახმარების ახალი სისტემის ფორმირების პროცესი, ხოლო უზბეკეთში აღნიშნული სისტემა მხოლოდ ახლა ყალიბდება და  ამ მხრივ, მათთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე და განვითარებული სისტემის მქონე ქვეყნის  გამოცდილების გაზიარება.  

7 აგვისტოს დელეგაციის წევრები იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისს ესტუმრნენ და სამსახურის მართვის სისტემას, ორგანიზაციულ სტრუქტურას გაეცნენ. შემდგომ ვიზიტი განხორციელდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც შეხვდნენ საზოგადოებრივ ადვოკატებსა და კონსულტანტებს, დაათვალიერეს თბილისის ბიუროს საკონსულტაციო და ქოლცენტრის განყოფილებები. 

სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში გამართულ შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის საშუალებით გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის ისტორია, განვითარების ეტაპები, საკანონმდებლო მანდატი, სერვისები და მიმდინარე რეფორმები.

8 აგვისტოს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაციის წევრები რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს ეწვივნენ. სტუმრებმა მოინახულეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური ოთახი. რუსთავის ბიუროს ადვოკატებმა უცხოელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს თავიანთი მუშაობის სპეციფიკა და ამომწურავად უპასუხეს მათ კითხვებს.

ასევე გაიმართა შეხვედრა გაეროს სახლში, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) წარმომადგენლებმა ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში შესრულებული იქნა მათ მიერ იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. გაიმართა დისკუსია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან. დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.