მიმდინარე წლის 18 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები გახლდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე და შემდგომ გაცნობოდნენ კვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.
იმიტირებული პროცესი განხორციელდა პროექტის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს ფარგლებში. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ.