Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის შეხვედრა ჩატარდა

27 ივნისს, სასტუმრო "ვინდჰემ გრანდ თბილისში", იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა. ღონისძიების თემა იყო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის განახლება საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ. მონაწილეებს მიმართეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და ამავე პროგრამის წარმომადგენელმა მარიამ გაბედავამ,  UNDP კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა და ამავე პროგრამის წარმომადგენელმა მარიამ ტაბატაძემ, იურიდიული დახმარების სასამხურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ. შეხვედრას მოდერაციას უწევდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანაშემწე სალომე დუდუჩავა. 

შეხვედრაში 20-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათი დიდი ნაწილი უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის დამფუძნებლები არიან. აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო ქსელის მუშაობა მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული. მასში ჩართული ორგანიზაციების ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა.  საჭირო გახდა ქსელის მუშაობის განახლება და ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც ქსელი მუშოაბას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. განახლდება ქსელის ვებგვერდი და გამოყენებული იქნება სხვა ტექნოლოგიური სიახლეები.

აღსანიშნავია, რომ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელით სარგებლობა შეუძლია ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის სამართლებრივი პრობლემა აქვს. ქსელის წევრები მოქმედებენ კანონით განსაზღვრული პირობების ფარგლებში. თუ ერთი რომელიმე ორგანიზაცია, შესაბამისი მანდატის არარსებობის გამო, მოქალქეს ვერ გაუწევს დახმარებას, ქსელი იძლევა საშულებას ბენეფიციარი გადამისამართდეს ქსელის წევრ სხვა ორგანიზაციაში. საერთო ჯამში ქსელის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მოქალაქეთა ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე.