საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და თითოეული ადამიანის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას. ამ მიზნით, 2022 წლის 18 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს Usaid-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, აჭარის რეგიონში დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით "პარალეგალები".
პროექტი „პარალეგალი“ აერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, გადიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ გარშემომყოფებს, ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.
პროექტის ფარგლებში სამსახურს საქართველოს მასშტაბით ექნება პარალეგალების ქსელი (არაიურისტი პირების რეესტრი), რომლის საშუალებითაც ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მათი უფლებების, ასევე უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ და გაეწევა პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია.
პარალეგალი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის იურისტი თუმცა, სამსახურში გადამზადების შესაბამისად შეიძენს იურისტისათვის საჭირო გარკვეული ცოდნასა და უნარებს. პარალეგალებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სამსახურის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში. ნებისმიერ მსურველს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, რომელსაც აქვს სურვილი და ინტერესი - წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებების დაცვისა და განხორციელების საქმეში, ასევე მშვიდობიანი სამართლებრივი გარემოს დამკვიდრებაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, შეუძლია შემოუერთდეს სამსახურის ინიციატივას და გახდეს პარალეგალი. ამისათვის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა 2022 წლის 1 აგვისტოდან დაუკავშირდნენ სამსახურს და დარეგისტრირდნენ პარალეგალად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf-3oluTLYE4BThi9wJ5RLgrBnpv2pbkaF62YUDvS7W-9DUMQ/viewform
განსაკუთრებული მადლობა Usaid/Georgia_ს, Usaid_ის სამართლის უზენაესობის პროგრამას პროექტის მხარდაჭერისა და სამსახურთან აქტიური თანამშრომლობისათვის.