1 აპრილს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა თამარ კუპატაძემ, დარიკო თორდიამ და თეა ყაულაშვილმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელიც ბოლო დროის განსაკუთრებით აქტუალურ თემას - საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებს ეხებოდა. ღონისძიება ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული და იგი ჩატარდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ღონისძიებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელიც დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში იურისტებმა განიხილეს ოჯახის გაერთიანების პრინციპებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა პროცესუალური გარანტიები და სხვა აქტუალური სამართლებრივი თემები.
გარდა ამისა, შეხვედრა აგრეთვე დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურსა და „უფლებები საქართველოს“ შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის გზების განხილვას, რამდენადაც ორივე ორგანიზაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის საკითხებზე მუშაობს.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს.