Top
ონლაინ დახმარება

 

ოზურგეთში იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 ბიურო გაიხსნა

19 სექტემბერს, ოზურგეთში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 ბიურო გაიხსნა. გურიის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ ბიუროში მიიღებენ. 2008 წლიდან ადგილობრივებს იურიდიულ კონსულტაციას ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი უწევდა. ბენეფიციარების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გურიაში ბიუროს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილი, უფასო სამართლებრივი დახმარების ყველა სერვისი.

ბიუროს თანამშრომლები ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი წარუდგინა. 

რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. გასულ ზაფხულს ჩვენ 3 საკონსულტაციო ცენტრი გავხსენით, დღეს კი ჩვენს სამსახურს ოზურგეთის ბიურო დაემატა. გურიის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები. ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობას ჩემი კოლეგა და იურიდიული დახმარების სამსახურის ძველი თანამშრომელი, იამზე მემარნიშვილი შეასრულებს. ქალბატონი იამზე ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრში 2008 წლიდან მუშაობს და მას ამ ქალაქში კარგად იცნობენ“.

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, გურიაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში უახლოეს მომავალში დამატებით ამოქმედდება იურიდიული დახმარების სამსახურის 1 ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი.