დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატებს შეხვდა.
შეხედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. რაჟდენ კუპრაშვილმა ადვოკატებს გააცნო სამომავლო გეგმები, რომელიც რეესტრის ინსტიტუციური განვითარების საკითხებს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, დახვეწას მოიცავს. თავის მხრივ, საზოგადოერბივმა ადვოკატებმა თავიანთი ხედვები, მოსაზრებები გააცნეს სამსახურის დირექტორს.
აღსანიშნავია, რომ "მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი" უფასო იურიდიული დახმარების განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში ერთვებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუროს დახმარებისთვის დაპირისპირებული მხარეები მიმართავენ. ერთ საქმეში დაპირისპირებული მხარეების დაცვა იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების მიერ დაუშვებელია, ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. ასეთ დროს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მხოლოდ ერთ მხარეს დაიცავს, ხოლო მეორე მხარეს დამცველად რეესტრის ადვოკატი დაენიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას უზრუნველყოფენ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრები.