Top
ონლაინ დახმარება

 

1 აპრილიდან მხარდაჭერის მიმღებთათვის ახალი გარდამავალი ეტაპი იწყება

დღეს, 2019 წლის 1 აპრილს მთავრდება გარდამავალი პერიოდი, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო 2 წლის განმავლობაში მიემართა სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო ფსიქო-სარეაბილიტაციო კლინიკებში მყოფი პაციენტების ინდივიდუალური შეფასება და მათი მხარაჭერის მიმღებად ცნობა.  
2015 წლის 1 აპრილიდან იურიდიული დახმარების სამსახური უფასო იურიდიული დახმარებით (სასამართლოში წარმომადგენლობა, სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა) უზრუნველყოფს პირებს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ.

დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით ამ საკითხზე ისარგებლა 14 683 პირმა. აქედან, სასამართლოში წარმომადგენლობა გაეწია 7180 ბენეფიციარს, ხოლო სამართლებრივი კონსულტაცია მიიღო 7503 –მა, მათ შორის სამართლებრივი დოკუმენტი მოუმზადდა 1199–ს.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში, შემოთავაზებული იყო გარდამავალი ეტაპი, რომელიც 2015 წლის 1 აპრილიდან ხუთწლიან პერიოდს ითვალისწინებდა. ოთხი წლის განმავლობაში ქმედუუნარო პირების მეურვეები ვალდებულნი იყვნენ, მიემართათ სასამართლოსთვის ინდივიდუალური შეფასებისთვის და მხარდაჭერის ხარისხის დასადგენად, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან  კი, 1 წლის განმავლობაში მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი არიან მიმართონ სასამართლოს მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და ინდივიდუალური შეფასებისათვის იმ ქმედუუნარო პირებზე, რომლებიც არა სტაციონარში, არამედ ოჯახებში ცხოვრობენ  და თუ მათი მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით.

პროცესი დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე - არაკონსტიტუციურად იქნა  ცნობილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციები და განხორციელდა ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა.

„ქმედუუნაროს“ ნაცვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამკვიდრდა ცნება, „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები). ცვლილებების თანახმად, „მხარდამჭერის მიმღები“ პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება, სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში. გარდა ამისა, სასამართლო ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს. ასეთი შეიძლება ოყოს ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მხარდამჭერის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.