Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში პედაგოგები ქალთა უფლებებს გაეცნენ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიურომ  2019 წლის 7 მარტს განახორციელა გასვლითი შეხვედრა საბავშვო ბაღის „ქინდერლენდი“–ს აღმზრდელ ქალებთან. საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენდა ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი ნატო ირემაძე. 

თავდაპირველად იურისტებმა  მიმოიხილეს საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და ფუნქციები,   მიაწოდეს ინფორმაცია უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის ძირითადი და საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ.

შეხვედრის მეორე  და ძირითადი ნაწილი დაეთმო პედაგოგების  ინფორმირებას ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მავნე გამოცდილებას, რაც ოდითგანვე დანერგილი იყო ქალთა უფლებების შეზღუდვის ფონზე. ესენია: დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, ნაადრევი ან იძულებითი ქორწინება, საკუთრების უფლების შეზღუდვა ქალებისათვის, საოჯახო სამართლებრივი პრობლემები, ოჯახში ძალადობა და სხვა.

აღინიშნა, რომ ახალი კანონმდებლობით, იურიდიული დახმარების სამსახური, ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და სავარაუდო მსხვერპლების ინტერესებს იცავს სასამართლოში - მსხვერპლის გადახდისუნარიანობის მიუხედავად. დახმარება მოიცავს ბენეფიციარებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას და საადვოკატო წარმომადგენლობას სასამართლოში. 

შეხვედრის ბოლოს მანდილოსნებს  დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და კრიტერიუმების შესახებ.