მიმდინარე წლის მარტის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი იურიდიული დახმარების რეგიონულ ბიუროებში შეხვედრებს მართავს. იგი უკვე ესტუმრა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის-თელავისა და კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროებს.
დირექტორი პირადად გაეცნო აღნიშნული რეგიონების ოფისებში არსებულ ვითარებას, შეხვდა ადვოკატებსა და კონსულტანტებს, უშუალოდ მიიღო ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშეც ბიუროებში დასაქმებული იურისტები დგანან; გაეცნო თითოეული რეგიონის მოსახლეობის სპეციფიურ საჭიროებებს უფასო სამართლებრივი დახმარების დროულ და ეფექტურ მიწოდებასთან დაკავშირებით.
რაჟდენ კუპრაშვილის აზრით, საჭიროა ახალი მიდგომები და ინოვაციური პროექტების განხორციელება, რათა იურიდიული დახმარების სამსხურის სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს რეგიონებში, თუნდაც მუნიციპალური ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. სამსახურის ადმინისტრაციის მხრიდან კი გაკეთდება ყველაფერი, რათა ადვოკატებისა და კონსულტანტების პროფესიული დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი კი - რაც შეიძლება მაღალი.
უახლოეს მომვალში დირექტორის შეხვედრები იურიდიული დახმარების სამსახურის სხვა რეგიონულ ბიუროებში გაგრძელდება.