იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანტლისყურსა და თივში.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციები გაუწიეს. მოქალაქეებს ძირითადად აინტერესებდათ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხი, ასევე –პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის პროცედურა.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.