23 იანვარს (2019) ჩატარდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების წარმომადგენლის არჩევნები იურიდიული დახმარების საბჭოში. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობდნენ სამსახურის ბიუროების მიერ შერჩეული საზოგადოებრივი ადვოკატები. საბჭოს წევრობის კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და პროგრამები იურიდიული დახმარების საბჭოს და მთლიანად სამსახურის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ყველაზე მეტი ხმა დააგროვა იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ფატმან არზიკიანმა, რომელიც იურიდიული დახმარების საბჭოში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, თავისი კოლეგების – საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების ინტერესებს დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანო, ფუნქციონირებს 2014 წლიდან. მისი წევრები არიან სამი ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან და თითო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან (არამოსამართლე), სახალხო დამცველის აპარატიდან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, სამეცნიერო სფეროდან და იურიდიული დახმარების ბიუროებისაგან.