Top
ონლაინ დახმარება

 

ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა  შეხვედრა თბილისის # 5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც 2018 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა.

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა სოფიო ჩირგაძემ და მაია პაიჭაძემ პატიმარ ქალბატონებს წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა გენდერული უთანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების სტატისტიკას, საკანონმდებლო ბაზას და იმ სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური და სხვა სახელმწიფო უწყებები სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს. 

მსჯავრდებულებს ჰქონდათ განსაკუთრებით ბევრი კითხვა ქალთა უფლებებზე საოჯახო ურთიერთობებში ქალის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ - საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით. ბევრ მათგანს არ ჰქონდა გათვითცნობიერებული და აღქმული ძალადობის სხვა ფორმები, გარდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობისა. ასევე აინტერესებდათ პირის სამართლებრივი გარანტიები და შედეგები „დამცავი“ და „შემაკავებელი“ ორდერების გაცემის  შემდეგ. 

უმრავლესობისთვის სიახლეს წარმოადგენდა ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც 2018 წლის მარტიდან ამოქმედდა და რომელთა თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

საზოგადოებრივი ადვოკატების განცხადებით, შეხვედრა დათქმულ დროზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა. თუმცა თემატიკის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა საკითხის ამოწურვისთვის მინიმუმ კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარებაა საჭირო.  აღინიშნა, რომ მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ინფორმირება, ცოდნის გავრცელება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე,  ამ სახის დანაშაულის ფაქტების თავიდან აცილებას უდავოდ ხელს შეუწყობს.