ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა გაზეთ „ამბროლაურის მოამბის“ რედაქციაში შეკრებილ თანამშრომლებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია გენდერული უთანასწორობის, ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი კანონმდებლობის და იურიდიული დახმარების სამსახურის იმ სერვისების შესახებ, რაც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.
აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევაა. წარსულს უნდა ჩაბარდეს ლოიალური მიდგომა ძალადობისა და მოძალადეების მიმართ, რომელიც ძალადობის ნორმალიზებას ახდენს და ძალადობას ოჯახური ცხოვრების თანამდევ მოვლენად მოიაზრებს. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა, ხოლო მოძალადეები - მორალურად მიუღებელი, გასაკიცხი ადამიანები, რომლებიც ვერ ისარგებლებენ ღირსეული მოქალაქის, მეზობლისა თუ კოლეგის სტატუსით. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც მედიას, ასევე, რეგიონებში მოქმედ არასამთვრობო ორგანიზაციებს. იურიდიული დახმარების სამსახურის, როგორს უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციის როლი კი უმნიშვნელოვანესია. დაიგეგმა მსგავსი შეხვედრების ჩატარება რაჭა-ლეჩხუმის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.