ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 3 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრის თემა იყო „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“.
იურისტებმა მოსახლეობას მიაწოდეს ის მთავარი მესიჯები, რაც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე კამპანიას ახლავს. აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია და სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ხაზი გაესვა 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგად იურიდიული დახმარების სამსახურის იცავს ძალადობის მსხვერპლებს მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.
მოსახლეობას ასევე მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ისინი გაეცვნენ იურიდიული მომსახურების გაწევის პირობებს. დარიგდა სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.