Top
ონლაინ დახმარება

 

სიღნაღელმა ქალბატონებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ იმსჯელეს

2018 წლის 30 ნოემბერს, კახეთის-სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი და ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი, სიღნაღის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ორგანიზებით,  სიღნაღის რაიონის ქ.წნორში არსებულ „ცოდნის კაფეში“ შეკრებილ ადგილობრივ ქალბატონებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი მთავარი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა. მიუხედავად გავრცელებული პოპულარული შეხედულებებისა, უმუშევრობა, სიღარიბე ან ალკოჰოლი არ იწვევს ოჯახში ძალადობას. ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები, შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები, თუმცა დადგენილია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა. ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტიანად დასაძლევად, აუცილებელია, რომ ვიმუშავოთ ისეთი საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნასა და განმტკიცებაზე, სადაც ქალები და კაცები, გოგოები და ბიჭები ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვისაც თანაბრად ღირებულები და დაფასებულები არიან, სადაც ერთ სქესს არ ენიჭება პრივილეგია ან პრიორიტეტი მეორე სქესთან მიმართებით. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გრძელვადიან პერსპექტივაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრა. 

შეხვედრაზე მყოფი ქალბატონები აგრეთვე გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს და სხვა სერვისებს.