Top
ონლაინ დახმარება

 

ბენეფიციარი ბორის ლელაძე:„იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მართლმსაჯულების ჯარისკაცები არიან“

1953 წელს ზესტაფონის რაიონში, სოფელ საზანოში დავიბადე. უმაღლესი განათლება მაქვს, ელექტრიკოს-მონტიორი ვარ. ამ სპეციალობით ორმოცი წელი ვიმუშავე სხვადასხვა სამსახურში, პატიოსნად და სინდისიერად ვემსახურე ჩემს კუთხეს და ქვეყანას. ამჟამად სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, რომ კვლავ გამოვადგე ჩემს სოფელს, სადაც 1,700 კომლი ცხოვრობს. ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია: მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

2016 წლის 13 ნოემბერი არასდროს დამავიწყდება, ამ დღეს საზარელი ამბავი შემემთხვა. ჩემს სოფელში სტუმრად ერთი პიროვნება ჩამოსულიყო. მას ადრეც ვიცნობდით, როგორც საკმაოდ აგრესიულ ადამიანს. იმ დღესაც რამდენიმე შელაპარაკება მოუვიდა ისე, რომ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა. დღის ბოლოს, ყველაფერი თითქოს ჩაწყნარდა. მაგრამ გვიან საღამოს სახლში რომ ვბრუნდებოდი, უეცრად სიბნელიდან გამოვარდა და თავს დამესხა. მივხვდი, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და თავის დაცვის მიზნით მის მოგერიებას შევეცადე. შემდეგ ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში და მომხდარის შესახებ განვაცხადე. დაზარალებულად ის ადამიანი სცნეს, მე კი ციხეში ჩაჯდომის რისკის წინაშე აღმოჩნდი. ბრალად მედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ექვს წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 
როგორც სოციალურად დაუცველს, უფასო იურიდიული დახმარება მეკუთვნოდა.  მხარდაჭერისა და კონსულტაციისთვის იურიდიული დახმარების სამსახურს მივმართე. ჩემს ადვოკატთან პირველსავე შეხვედრაზე იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. მივხვდი, რომ თავისი პროფესიონალური და ადამიანური მიდგომით აუცილებლად მიხსნიდა გასაჭირისგან. მართლაც, ჩემი ადვოკატი წელიწადზე მეტი იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად. 
2018 წლის 13 თებერვალს სასამართლო გაიმართა. დაცვის მხარემ თავის დასკვით სიტყვაში  ჩემი უდანაშაულობის ყველა მტკიცებულება და მოწმეების მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები წარადგინა. საბოლოოდ, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩემი ადვოკატის პოზიცია და გამამართლა. მოსამართლის სიტყვები არც კი მახსოვს. სიხარულისგან თვალებში დამიბნელდა და შეუძლოდ გავხდი.


ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის  ადვოკატები მართლმსაჯულების ჯარისკაცები არიან. ყველამ, ვისაც უჭირს და დახმარება სჭირდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ამ სამსახურს.