Top
ონლაინ დახმარება

 

უკრაინელები იურიდიული დახმარების სამსახურის გამოცდილებით დაინტერესდნენ

18 აპრილს, UNICEF უკრაინის ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია დელეგაცია, რომელიც უკრაინის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგების გაზიარება, ქართული მხარის გამოცდილება კანონის შემუშავებასა და მიღებაში, ინფორმაციის მიღება ამ სფეროში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით. 
უკრაინის დელეგაციის წევრები იყვნენ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უკრაინის ბავშვთა უფლებების ფონდის ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, იურიდიული სამსახურის კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი, „მართლმსაჯულება ბავშვებისთვის“- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი და UNICEF უკრაინის წარმომადგენელი.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“, შესულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სამსახურის ხელმძღვანელებმა უკრაინელებს განუმარტეს, რომ არსებული პირობებით, იურიდიული დახმარების სამსახურს დამატებითი ვალდებულებები დაეკისრა. კერძოდ, საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ არა მხოლოდ არასრულწლოვანი, არამედ18–დან 21–წლამდე ბრალდებულების, დაზარალებული არასრულწლოვნების, არასრულწლოვან მოწმეთა დაცვას, თუ ის გადახდისუუნაროა და ასევე, არასრულწლოვანთა დაცვას იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას. ახალამოქმედებული კოდექსის შესაბამისად, სამსახურში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი. 

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს გამოცდილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, რადგან უკრაინა გეგმავს განახორციელოს რეფორმები ამავე სფეროში და კანონმდებლობა, მისი აღსრულება ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვოს. დელეგაციის წევრების აზრით, ამ მხრივ, საქართველოს პროგრესი შესამჩნევია. იურიდიული დახმარების სამსახური მზად არის სამომავლოდაც განაგრძოს თანამშრომლობა უკრაინის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მომუშავე ჯგუფთან.