5 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
პრეზენტაცია მოიცავდა როგორც ზოგად ინფორმაციას უფასო სამართლებრივი სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო ორგანიზაციის, ასევე, 2017 წლის განმავლობში საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მონაცემები, ინფორმაცია სამსახურის მანდატის გაფართოების, ინფრასტრუქტურული განვითარების და სამომავლო გამოწვევების შესახებ.
ანგარიშის განხილვას ასევე ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატები, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.