21 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და ადვოკატი ნათია ქვარცხავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ, როგორც აღნიშნული სააგენტოს, ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარების უმრავლესობა, გადახდისუუნარო მოსახლეობაა. ამიტომ ამ ორი უწყების საქმიანობაში ხშირად ხდება ბენეფიციარების გადამისამართება. საკონსულტაციო შეხვედრის მიზანიც, შესაბამისად, იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის კრიტერიუმების და სერვისების შესახებ.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ვრცლად ისაუბრეს ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, ქონებრივ და შრომით დავებს ეხება. განიხილეს სოციალურად დაუცველების, პენსიის დანიშვნის, მხარდამჭერად ცნობის საკითხები.
მსგავსი სახის შეხვედრებს დიდი მნიშვენლობა აქვს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიმართულებით.
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების საკონსულტაციო შეხვედრები სხვა უწყებების წარმომადგენლებთან კვლავ გაგრძელდება როგორც ზუგდიდში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.