Top
ონლაინ დახმარება

 

ახალმიღებული ადვოკატებისთვის საორიენტაციო სემინარი ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურმა დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოებას უკავშირდება. ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სამუშაოდ შერჩეული ადვოკატებისათვის დღეს საორიენტაციო სემინარი ჩატარდა.

ახალ თანამშრომლებს სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, მიესალმა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სემინარის ფარგლებში, ახალმიღებული ადვოკატები გაეცნენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობის სპეციფიკას, ასევე სამსახურში მოქმედ საქმისწარმოებას და შრომითი ურთიერთობების დეტალებს.

ახალი თანამშრომლები მუშაობას შეუდგებიან 15 აპრილიდან, როდესაც ძალაში შევა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იურიდიული დახმარება გაფართოვდება და გარკვეული კატეგორიების სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს მოიცავს.

საწყის ეტაპზე, საადვოკატო მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლობა) განხორციელდება საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. დღემდე, იურიდიული დახმარება ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებზე ვრცელდებოდა და სრულად ვერ აკმაყოფილებდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საჭიროებებს.