იურიდიული დახმარების ბიუროებში გრძელდება ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილია საზოგადოებრივი და კერძო სექტორში მოღვაწე ადვოკატებისათვის.
16 მარტს, მცხეთის ბიუროში გაიმართა ვიდეო-ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხებზე.
18 მარტს, თბილისის ბიუროში ადვოკატებისთვის ჩატარდა ვიდეო-ტრენინგი, თემა: ბალისტიკური მტკიცებულებები, დნმ როგორც მტკიცებულება.
18, 19 და 20 მარტს, ტრენინგები ჩატარდა ქუთაისის ბიუროში:
- 18 მარტს, გაიმართა ტრენინგები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის უნარ-ჩვევებსა და ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში, რომელსაც ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, გელა სიორდია, და ადვოკატი, ვალერი კვანტალიანი უძღვებოდნენ.
- 19 მარტს, ტრენინგი ჩატარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ასპექტებში. ტრენინგს უძვებოდა ექსპერტი, რომელიც მონაწილეებს სკაიპის მეშვეობით თბილისიდან ჩაერთო.
- 20 მარტს კი, სკაიპის მეშვეობით ჩართულ ექსპერტთან ერთად, ადვოკატებმა განიხილეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის აქტუალური საკითხები (პრობლემები და ინოვაციები) – ”მინიმუმზე მსუბუქი სასჯელი; პირობითი მსჯავრი; თანაამსრულებლის და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი; თაღლითობის გამიჯვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან; სს კოდექსის კერძო ნაწილში გასატარებელი რეფორმები; სასჯელის ინდივიდუალიზაცია.21 მარტს, კიდევ ერთი ვიდეო-ტრენინგი იგეგმება რუსთავის ბიუროში, სადაც ადვოკატები კრინიმალისტიკის საკითხებს გაეცნობიან.
აღნიშნული ტრენინგები აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მონაწილე ადვოკატებს განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში შესაბამისი ქულები ენიჭებათ.