იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურომ დაიწყო სემინარების სერია, რომელიც ხონის რაიონის 4 საჯარო სკოლას მოიცავს და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
5 მარტს, პირველი სემინარი ჩატარდა ქ. ხონის №3 საჯარო სკოლაში. ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია და თავი მოუყარა 70-მდე უფროსკლასელს მოსწავლეს. მათ მოისმინეს თეორიული კურსი სამართლებრივი კულტურის, ადამიანის და ბავშვთა უფლებების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
გეგმის მიხედვით, სამართლებრივი სემინარები ჩატარდება ქ. ხონის №3 და №4, ასევე ხონის რაიონის სოფელ კუხისა და სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლებში. თითოეულ სკოლაში ოთხ-ოთხი ღონისძიება გაიმართება. თეორიული კურსი მოიცავს შედეგ თემებს:
- რას ნიშნავს სამართლებრივი კულტურა? ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები
- სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ადვოკატის როლი
- სამართლის დარგები, სისხლის სამართალი, რა არის დანაშაული?
- ტოლერანტობა vs დისკრიმინაცია, სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლები
სასკოლო სემინარები განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.