გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევისა და ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპნის შემდეგ, უფასო იურიდიული კონსულტაცია, დღეიდან, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთისათვის გახდა ხელმისაწვდომი. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.
საწყის ეტაპზე, გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ყოველ ხუთშაბათს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს, სადაც, იურიდიულ კონსულტაციასთან ერთად, საადვოკატო სერვისსაც მიიღებენ.
დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 17 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. მეჯვრისხევის, შორაპნისა და გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააფორმეს.
იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.