იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტის, ინგა ნოზაძის, დახმარებით, მიწისძვრით დაზარალებულმა მოქალაქემ მალხაზ ღ.–მ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღება შეძლო.
ჭიათურის რაიონში მცხოვრებ მალხაზ ღ.–ის შვილს, რომელიც 2007 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილად გამოცხადდა, სახლი 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაენგრა. ამ ხნის მანძილზე, ოჯახს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღია. როგორც თავისი შვილის მემკვიდრემ, მალხაზ ღ.–მ არაერთხელ მიმართა გამგეობას კომპენსაციის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. ჯერ სამკვიდროსთან დაკავშირებული დოკუმენტების მოუწესრიგებლობა მოიმიზეზეს, შემდგომ კი – ბიუჯეტში შესაბამისი სახსრების არარსებობა.
ასეთ ვითარებაში, მალხაზ ღ.–მ იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრს მიმართა. კონსულტანმა ინგა ნოზაძემ ყურადღებით შეისწავლა საქმის დეტალები და შეადგინა სარჩელი, რომლითაც მალხაზ ღ.–მ სასამართლოს მიმართა. მოსარჩელემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან 2600 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა.
შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და ჭიათურის გამგეობას, მოსარჩელის სასარგებლოდ, 3500 ლარის გადახდა დააკისრა.
კონსულტანტი ინგა ნოზაძე განაგრძობს მალხაზ ღ.–სთვის იურიდიული დახმარების გაწევას, რათა, სააპელაციო საჩივრის მეშვეობით, მოქალაქემ შეძლოს გაზრდილი ოდენობის საკომპენსაციო თანხის მიღება.