Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასებაზე ტრენინგი ჩატარდა

9 ნოემბერს დასრულდა ორდღიანი ტრენინგი იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის, რომელიც მომსახურების ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიას ეხებოდა. სწავლება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ბრიტანელი მკვლევრები – ალან პატერსონი და ავრომ შერი, რომლებმაც ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება ბრიტანეთში სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული უფასო საადვოკატო მომსახურების ხარისხის შეფასება. ტრენინგის ფარგლებში, ადვოკატები რადენიმე დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეს ადგილზე გაეცნენ და შეასრულეს პრაქტიკული დავალება, რომელიც საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, კოლეგა ადვოკატების მუშაობის შეფასებას გულისხმობდა.

იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების ქართული სისტემა, რომელიც წელს პილოტურ რეჟიმში ამოქმედდა, შოტლანდიურ მოდელს ეყრდნობა და ადვოკატის საქმიანობის შესაფასებლად ე.წ. Peer review–ს მეთოდოლოგიას იყენებს. აღნიშნული მეთოდოლოგიით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს მათივე კოლეგა იურისტები შეამოწმებენ. შემფასებელი იურისტები შეისწავლიან დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებს  და ბენეფიციარისთვის მიწოდებულ სერვისს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებენ.

შეფასების სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ადვოკატთა საქმიანობაში ხარვეზების გამოვლენას და, ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლებით, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული უფასო იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფას.

მომდევნო წლებში, სამსახური გეგმავს ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში გაწეულ მომსახურებაზეც.