Top
ონლაინ დახმარება

 

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იურიდიული დახმარებით 14 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარებით 14 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა. ამას მოწმობს 2016 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მონაცემები, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, უფასო საადვოკატო მომსახურება 6500–მა პირმა მიიღო, იურიდიული კონსულტაციით კი 8 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. წარმოებაში მიღებული 6500 საქმიდან – 80% სისხლის სამართლის დარგს, 13% – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 7% – ადმინისტრაციულ სამართალს განეკუთვნება. იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში, 1500–ზე მეტ პირს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტები მოუმზადდა. ცხელი ხაზის ნომერზე 292–00–55 შემოვიდა 800–ზე მეტი ზარი. ონლაინ კონსულტაციისთვი კი სამსახურს 400–ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო კონსულტაციით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, საადვოკატო მომსახურება კი გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ პირი გადახდისუუნაროა, ან ექვემდებარება სავალდებულო დაცვას.

უფასო საადვოკატო მომსახურება ვრცელდება სისხლის სამართლის, საოჯახო სამართლის, მემკვიდრეობის სამართლის საქმეებზე, ასევე – დევნილთა უფლებების, პენსიის, სოციალური დახმარების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე. 2016 წლიდან, უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ უცხოელებისათვის, რომელთა მიმართაც სასამართლო განიხილავს თავშესაფრის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხებს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისები საქართველოს 19 ქალაქში მოქმედებს.