იურიდიული დახმარების სამსახური მხარდაჭერას უცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და უერთდება საყოველთაო მოთხოვნას - მისი დაუყონებლივი განთავისუფლების შესახებ. დაუშვებელია ექიმის დაკავება და ხელშეშლა, როცა იგი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის იბრძვის. ისევე, ადვოკატისთვის არ არსებობს პირობითი საზღვრები და ბარიერები ადამიანის უფლებების დასაცავად. საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა, სრულიად მიუღებელია პიროვნების თავისუფლების აღკვეთა იმ ფორმით და იმ საფუძვლით, რაც ოკუპანტებმა ვაჟა-ექიმის მიმართ გამოიყენეს. მივმართავთ ადამიანის უფლებადამცველ ყველა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციას, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს ოჯახს და სამუშაო ადგილს.