Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დელეგაციამ გაერთიანებულ სამეფოში სასწავლო ვიზიტი დაასრულა

როგორ ხორციელდება სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგი შოტლანდიასა და ინგლისში, – ეს იყო მთავარი თემა სასწავლო ვიზიტისა, რომლითაც იურიდიული დახმარების სამსახურის დელეგაცია  19–26 ივნისს, USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელები და ადვოკატები. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდნენ იურიდიული დახმარების მაკოორდინირებელი ორგანიზაციების, საადვოკატო ბიუროების, იურისტთა პროფესიული ორგანიზაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

სასწავლო ვიზიტის თემა მეტად აქტუალურია, ვინაიდან მიმდინარე წლის მარტში, იურიდიული დახმარების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, 6 თვის ვადით პილოტურ რეჟიმში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემა. შეფასების სისტემა დიდწილად ეყრდნობა სწორედ ხარისხის შეფასების შოტლანდიურ მოდელს, რომელიც ე.წ. Peer review–ს მეთოდოლოგიით მუშაობს, კერძოდ, საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის შეფასებას მათივე კოლეგა იურისტები ახორციელებენ.

სასწავლო ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებს, სამსახურის მენეჯმენტსა და ადვოკატებს – ხარისხის შეფასების სისტემის შემდგომ დახვეწასა და განვითარებაში.