25–26 მარტს, კახეთში, სასტუმროში „ლოპოტა“, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის და სამუშაოს აღწერილობის შემუშავების საკითხებს მიეძღვნა. სწავლება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.
პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ HR-მენეჯმენტის ძირითად მიმართულებებს: თანამშრომელთა შერჩევის, კანდიდატთან გასაუბრების, თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების საკითხებს. მეორე დღეს კი ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაოს აღწერილობების შემუშავებაში.
HR-მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგის ჩატარების საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც იურიდიული დახმარების სამსახური შეუდგა შტატით განსაზღვრული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობების შემუშავებას, აგრეთვე – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (eHRMS) დანერგვას, რაც საჯარო სამსახურის რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნებია.
სამუშაოს აღწერილობების შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს, როგორც კონკრეტულ თანამდებობაზე მომუშავე პირების, ისე მათი უშუალო ხელმძღვანელებისა და HR-სპეციალისტების ჩართულობას. სწავლების მიზანიც იყო სამუშაოს აღწერილობის შემუშავებაში მონაწილე პირების შესაბამისი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტრენინგი დაგეგმილია 1–2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში მომუშავე თანამშრომლებისათვის.
გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი აქტიურად უჭერენ მხარს იურიდიული დახმარების სამსახურს ორგანიზაციული სტრუქტურის რეფორმასა და მენეჯმენტის სისტემის დახვეწაში.