დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. მათ განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხებოდა.
იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოაჩინეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა. პროცესი დაცვის მხარის გამარჯვებით დასრულდა.
იმიტირებული პროცესი იურიდიული კლინიკის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. ამის გარდა, იურიდიული კლინიკის პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებსაც ამზადებენ. მათ, ასევე, სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სხვა ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ.
იურიდიული კლინიკის პროექტი უკვე მერვე წელია ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. დღეისათვის კლინიკები ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, ახალციხის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ბიუროებში.