„შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს!“ – ამ დევიზით, 7 მაისს, თბილისში, ევროპის დღე აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რიყის პარკში საზეიმო ღონისძიება გამართა. ევროპის დღის აღნიშვნაში, წელს პირველად, მონაწილეობა იურიდიული დახმარების სამსახურმაც მიიღო.
მთელი დღის განმავლობაში, რიყის პარკში მოწყობილ „ევროსოფელში“ საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროსა და მართლმსაჯულების სექტორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს.
თავისი საინფორმაციო კუთხით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იურიდიული დახმარების სამსახურიც, რომელიც ჩართულია ევროკავშირისა და გაერთოს ერთობლივ პროექტში „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“. იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს აცნობდნენ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის პირობებს და არიგებდნენ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე შედგენილ ბროშურებს.
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივა – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“, 3.3 მილიონი ევროს ბიუჯეტით, მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის განმტკიცებას, აგრეთვე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერებას – ბავშვებისთვის უფრო ეფექტური მართლმსაჯულების შექმნის, იუსტიციის სამინისტროსა და მართლმსაჯულების სექტორის სხვა ინსტიტუტების პოტენციალის ზრდის, იურიდიული პროფესიისა და იურიდიული დახმარების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ასევე დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვის გზით.
ევროპის დღე, ყოველწლიურად, 9 მაისს, ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის ნიშნად აღინიშნება. მისი აღნიშნვა უკავშირდება ისტორიულ მოვლენას, კერძოდ, 1950 წლის 9 მაისს, პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის, მიერ წარმოთქმულ სიტყვას (შუმანის დეკლარაციას), რომლითაც მინისტრი ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ ამ გაერთიანების შექმნით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ევროკავშირს, რომელიც დღეისათვის ევროპის 28 სახელმწიფოს აერთიანებს.