ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, გრძელდება ელექტრონული პროგრამის – „Case Bank”-ის განვითარება, რომლის მეშვეობითაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საქმეებს აწარმოებენ. წარმატებით დასრულდა პროგრამის განახლების კიდევ ერთი ეტაპი, რის შედეგადაც, ელექტრონულ საქმისწარმოებაში ჩაერთვებიან კერძო პრაქტიკის მქონე ის ადვოკატები, რომლებიც, იურიდიული დახმარების სამსახურთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, რეგისტრირებულნი არიან „მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ და მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან.
3–4 მარტს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში გაიმართა ტრენინგი, რომელზეც რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატები „Case Bank”-ში დანერგილ სიახლეებს და პროგრამაში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ღონისძიება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ, გახსნა. ტრენინგს უძღვებოდა კომპანია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ დირექტორი მარიამ ზანგალაძე, რომელიც, რამდენიმე წელია, „Case Bank”-ის განვითარებაზე მუშაობს.
„Case Bank“ იურიდიული დახმარების სამსახურში 2014 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით დაინერგა. კომპიუტერული პროგრამა თავს უყრის მონაცემებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეების, გაწეული კონსულტაციებისა და შედგენილი დოკუმენტების შესახებ. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი.
„Case Bank“–ის განახლების პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. გასულ წელს, საქმისწამოების ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებენ. 2017 წელს კი დაგეგმილია ვებ–აპლიკაციის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს ადვოკატებს „Case Bank“–ში მუშაობა არა მხოლოდ ოფისიდან, არამედ ინტერნეტით აღჭურვილი ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ. „Case Bank“–ის განახლება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.