Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების გაფართოების საკითხზე მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

18 თებერვალს, ბორჯომში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან, რომლებთან ერთადაც განიხილეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში უფასო საადვოკატო მომსახურების შემდგომი გაფართოების საკითხი. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე, იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე ეკატერინე ფოფხაძე და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიება USAID-ის პროექტის PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, მოსამართლეებს 2016 წელს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ ესაუბრა და სტატისტიკა გააცნო. მონაწილეებმა იმსჯელეს სასამართლოსა და იურიდიული დახმარების სამსახურის ურთიერთქმედების საკითხზე, პირისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის პროცესში. დისკუსიისას, მოსამართლეებმა გამოყვეს ის სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც, მათი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა უფასო საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფა.

იურიდიული დახმარების სამსახურმა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა 2015 წლიდან დაიწყო. 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის თანახმად, უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა ხდება ისეთ დავებზე, რომელიც საოჯახო, მემკვიდრეობის და სოციალური დაცვის საკითხებს ეხება. აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს, ხოლო საქმე შეფასებულია – როგორც რთული და მნიშვნელოვანი. გადახდისუუნარო პირისათვის ადვოკატის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს როგორც სასამართლოს, ისე იურიდიული დახმარების სამსახურს.

ამჟამად, USAID-ის პროექტის PROLoG-ის მხარდაჭერით, ხორციელდება კვლევა, რომელიც დაეხმარება იურიდიული დახმარების სამსახურს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს უფასო საადვოკატო მომსახურების შემდგომი გაფართოება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მოსამართლეების გარდა, კვლევაში ჩართულნი არიან როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევის პრაქტიკა. PROLoG-ის დაფინანსებით, კვლევას CRRC-საქართველო ახორციელებს.