27 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები, მობილური საკონსულტაციო ცენტრის თანხლებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანს ესტუმრნენ.
ადვოკატებმა ნიგვზიანელებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ესაუბრნენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, შრომის უფლებების საკითხებზე.
ადვოკატებმა იამზე მემარნიშვილმა და თათა ზენაიშვილმა სოფლის მცხოვრებლები ინდივიდუალურად მიიღეს მობილურ საკონსულტაციო ცენტრში და მისცეს სამართლებრივი რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.