2023 წლის 21 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სხვა წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.
სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და სხვა წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს. ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.
"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა გიორგი ქარჩავამ მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ყველა საჭირო პირობის დაცვით, ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.მობილური საკონსულტაციო ცენტრით აქტიურად ისარგებლა მოსახლეობამ.